რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

დაკეტილი სინაგოგები და ებრაელთა მიგრაცია

 
ნათია გოგოლაშვილი

დაკეტილი კარი საქართველოში არსებული სინაგოგების ერთგვარ სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ. საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარის, მერაბ ჩანჩალაშვილის თქმით, ძირითადი პრობლება,  რაც სინაგოგების ფუნქციონირებას ხელს უშლის, საქართველოდან ებრაელთა დიდი მიგრაციაა. აღნიშნულ საკითხზე საქართველოში დარჩენილი ებრაელებიც საუბრობენ.

ქართველი ებრაელების ისრაელში მასობრივი წასვლის პროცესი მიმდინარეობდა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებს უფლება მიეცათ, საცხოვრებლად წასულიყვნენ ისრაელში და ამ საშუალებით ათასობით ებრაელმა ისარგებლა.
დაკეტილი ონის სინაგოგის შესახებ humanrights.ge რამდენიმე კვირის წინ წერდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფს მსგავსი სიტუაცია დახვდა ახალციხესა და ბათუმშიც. ახალციხეში რაბათთან გურამიშვილის ქუჩაზე ორი სინაგოგა - ქვედა და ზედა სინაგოგა მდებარეობს. მათი კარიც საგულდაგულოდ ბოქლომით არის დაკეტილი.

ახალციხის ზედა სინაგოგა აშენებულია 1863 წელს, მას 2011 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. იგი საქართველოში დღემდე შემორჩენილ სინაგოგებს შორის ყველაზე ძველი, 153 წლის, სინაგოგაა. 2012 წელს, რაბათის რეკოსტრუქციისას, რესტავრაცია ახალციხის ზედა სინაგოგასაც ჩაუტარდა, რა დროსაც ზეთის საღებავებისგან მთლიანად გაიწმინდა ხის ელემენტები და აღდგა მხატვრობის დაზიანებული ნაწილები.
 
ახალციხის სინაგოგების ბოქლომდადებული კარებიადგილობრივმა ებრაელმა სიმონ რევიშვილმა გაგვიღო.  „1953 წელს, სტალინის ბრძანებით, ახალციხის ორივე სინაგოგა ჩამოგვერთვა და დაიკეტა. დაკეტვიდან ორი თვის შემდეგ სტალინი გარდაიცვალა. სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ კი, მისივე ბრძანებით, მხოლოდ ზედა სინაგოგა დაგვიბრუნეს. ეს სინაგოგა დღეს მოქმედია და სახელმწიფომ სარგებლობაშიც გადმოგვცა“, - ამბობს სიმონ რევიშვილი.

სიმონ რევიშვილის თქმით, საბჭოთა პერიოდში ახალციხეში 3000-4000 ებრაელი ცხოვრობდა. ახლა კი მხოლოდ ორი ოჯახია დარჩენილი. სინაგოგაში ლოცვები ყოველდღიურად არ მიმდინარეობს, რადგან საკმარისი რაოდენობის მრევლი ვერ იკრიბება. „ზაფხულობით, როცა ებრაელი ტურისტები ჩამოდიან, ლოცვები თითქმის ყოველდღე ტარდება. ნოემბრიდან აპრილამდე კი ლოცვები ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ ტარდება. თუმცა, მე ყოველდღე ამოვდივარ და  ვაღებ სინაგოგას“, - გვითხრა სიმონ რევიშვილმა. 

ახალციხის ზედა სინაგოგისგან განსხვავებით, ქვედა სინაგოგა მოუვლელი და მიტოვებულია. ებრაელები მის სარგებლობაში გადაცემას ითხოვენ. იგი 1902 წელს აიგო. მსგავსად ზედა სინაგოგისა, მასაც 2011 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ადგილობრივები ყვებიან, რომ საბჭოთა კავშირის დროს აქ სხვადასხვა დაწესებულება იყო განთავსებული: ბიბლიოთეკა, კინოკლუბი, საბილიარდე, ბოლოს კი - კრივის დარბაზი. 

„ახლა მიტოვებულია ეს შენობა. დაახლოებით, 1972 წელს აქ  სპორტდარბაზი გაკეთდა, რა დროსაც სინაგოგას საშხაპეებისთვის განკუთვნილი ნაგებობა მიაშენეს. აქვე, ჩვენს ტერიტორიაზევე, გააკეთეს სტადიონიც. შენობა მაშინაც დაამახინჯეს, როცა აქ  კინოდარბაზი ფუნქციონირებდა - რამდენიმე ფანჯარა ამოავსეს და ამოლესეს“, - აცხადებს სიმონ რევიშვილი.

ადგილობრივი მანია შანთაძე, რომელიც სინაგოგის გვერდით ცხოვრობს, გვიყვება, რომ შენობის ტერიტორიას ასუფთავებს ხოლმე. „5-6 წელია, რაც ასე დაკეტილია ეს შენობა.  სინაგოგის ტერიტორიას ხანდახან ვასუფთავებ და ვგვი ხოლმე. მეცოდება, სახელმწიფო მას არ უვლის. ებრაელი ტურისტები მოდიან, სურათებს უღებენ. ზაფხულში განსაკუთრებით ბევრი ტურისტი მოდის, მათთანაც სირცხვილია, შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაულაგებელი რომ იყოს“, - გვითხრა ადგილობრივმა მანია შანთაძემ.

დღესდღეობით სინაგოგის ფასადებსა და სახურავზე გაზრდილია ხე-მცენარეები, სახურავი მოძველებულია, მოუვლელი და დაუსუფთავებელია სინაგოგის ინტერიერიც. მოკრივეთა გაყვანის შემდეგ მთავრობას სურდა სინაგოგის რეაბილიტაცია, მაგრამ სამუშაოები არ განხორციელებულა. ახალციხის რაბათის რეაბილიტაციის დროს დაგეგმილი იყო არა მხოლოდ ამ კონკრეტული შენობის, არამედ მთლიანად ქვედა რაბათის უბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მაგრამ 2012 წლის შემდგომ სამუშაოები შეჩერდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახლო მომავალში ძეგლის რეაბილიტაცია არ იგეგმება.

1904 წელს აიგო ბათუმის სინაგოგა, რომელსაც დღეს რეკონსტრუქცია უტარდება. ამ ეტაპზე რეკონსტრუციის პროცესი მთავრდება: „რეკონსტრუქცია უკვე 7 თვეა, მიმდინარეობს. დაახლოებით ერთ თვეში დავამთავრებთ. რთული მდგომარება იყო. ნესტისგან დაზიანებული იყო მთლიანად სინაგოგისში და ინტერიერი და ყველაფრის აღდგენა მოგვიწია. შეიცვალა შესასვლელი კარიც“, - აცხადებს სარემონტო სამუშაოების ხელმძღვანელი ზურა კაცობაშვილი.

ამჟამად, სინაგოგას სიპ „საქართველოს ებრაელთა კავშირის“ სარგებლობაშია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ძეგლზე გარკვეული სამუშაოებია ჩატარებული, მაგრამ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა გარკვეული ხარვეზებით. დღესდღეობით, ამ ხარვეზთა გამოსწორება გათვალისწინებულია შპს „სინუსის“ მიერ 2015 წელს მომზადებული პროექტით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს შპს „ირიდიუმი“. სამუშაოები საქარველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა მეთვალყურეობით მიმდინარეობს. 
„30-იანი წლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ სინაგოგა დაიკეტა, ისევე, როგორც სხვა რელიგიური ორგანიზაციების დაწესებულები. შემდეგ აქ იყო სპორტული საზოგადოება „სპარტაკი“. 1992 წელს კი ისევ ჩვენ დაგვიბრუნეს, სინაგოგამ ფუნქციონირება დაიწყო. ფუნქციონირება დაიწყეს ასევე სხვა ებრაულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც. სინაგოგის პირველი რესტავრაცია განახორციელეს 1998 წელს. ახლა რემონტისთვის ფინანსურად ევროაზიური კონგრესი გვეხმარება. რემონტი ძალიან სერიოზულად, კაპიტალურად მიმდინარეობს“, - აცხადებს აჭარის ებრაელთა საზოგადეობის ხელმძღვანელი ემილ კრუპნიკი.

ემილ კრუპნიკი, ჩვენთან საუბრისას, მლოცველთა შემცირებულ რაოდენობაზე მიუთითებს: „ეს ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში მთავრობაც დილობდა, ხალხი რელიგიისთვის ჩამოეშორებინა. ჩვენთან ლოცვები რეგულარულად არ მიმდინარეობს. თუმცა, ებრაელთა ყველა ტრადიციულ დღესასწაულებს აღვნიშნავთ“, - ამბობს ემილ კრუპნიკი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რათა მიეღოთ სტატისტიკური მონაცემები ებრაელთა მიერ საქართველოს საზღვრების დატოვებისა და მათი ქვეყანაში შემოსვლის შესახებ. სამინისტროს პასუხის თანახმად, საქართველოდან ებრაელთა გასვლისა და შემოსვლის შესახებ სტატისტიკური მონაცემები დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს არ აქვს.
 
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, მონიტორინგს ექვემდებარებიან საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი თანამემამულეები. ამ განმარტებიდან იკვეთება, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ქართველ ებრაელებს არ განიხილავს თანამემამულეებად, მათ შორის არც იმ ებრაელებს, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურამ, რომლის ამოცანებშიც შედის საზღვარგარეთ, გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების მონიტორინგი. უნდა შექმნას საინფორმაციო ბაზა საქართველოდან ისრაელში ემიგრირებული, განსაკუთრებით კი - ორმაგი მოქალაქეობის მქონე ებრაელების შესახებ. ამავე დროს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქართველ ებრაელთა დიასპორასთან ისეთივე მიდგომით უნდა იმუშაოს, როგორც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრაციასთან, თანამემამულეებთან და თანამოქალაქეებთან“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორი, ნანა სანებლიძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სინაგოგების დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებისათვის, სასურველია, საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნოს ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან კონტაქტების გაღრმავებაზე და მათი ნაწილის საქართველოში დასაბრუნებლად, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე.

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

გოგა ჩანადირის ფოტო.
 
12.02.2016
<< უკან დაბრუნება
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved