რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

მამა მიქაელი: „საერთო მშვიდობისთვის შეთანხმებებს უნდა მივაღწიოთ“

 
ნათია გოგოლაშვილი
 
ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას და ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარს არც მართლმადიდებლური და არც კათოლიკური ეკლესია სადავოდ არ თვლის. ორივე აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს ორი ძეგლი მათ ეკუთვნის. მსგავსი ურთიერთობაა სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის. ამ საკითხებზე humanrights.ge საქართველოს საპატრიარქოს მდივანს, მამა მიქაელს (ბოტკოველს) ესაუბრა. 

- ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიისადა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებს, რომლებიც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, კათოლიკური არქიტექტურული იერი აქვს. ამასთან, ცნობილია, რომ ბათუმში ეკლესია მეოცე საუკუნის დასაწყისში ააშენა ცნობილმა მეცენატმა სტეფანე ზუბალაშვილმა, რომელიც მრწამსით კათოლიკე იყო. ეს ორი ეკლესია 1989 წელს, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლება იღებდა, გადაეცა მართლმადიდებელ ეკლესიას. დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

- გეთანხმებით, თუკი ამ ტაძრებს ვიზუალურად შეხედავთ,არქიტექტურული თვალსაზრისით, მართლაც კათოლიკურს ჰგავს. თუმცა,  ისტორიულ ექსკურსს თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტად მართლმადიდებლები დავზარალდით. ბოლშევიკებმა საქართველოში 3000 ეკლესიიდან მხოლოდ 50 მოქმედი ეკლესია დატოვეს. დანარჩენი ეკლესიები დაანგრიეს, გადააკეთეს ან დახურეს და სასულიერო პირთა დიდი ნაწილი დახვრიტეს. ბოლშევიკური მმართველობის დასასრულს სპონტანურად ხდებოდა ტაძრების გადაცემა. იმ პერიოდში კათოლიკეები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები, პრაქტიკულად, თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ. ამიტომ აუცილებლობა არ იყო, მათთვის ტაძარი გადაეცათ. შესაბამისად, ეს ტაძრები გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს, სადაც დღეს ღვთისმსახურება მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, საკუთრების შესახებ საუბრები დღემდე მიმდინარეობს. ჩვენ ყველა  იმ ეკლესიების წარმომადგენლებს ვხვდებით, რომლებიც აღნიშნული ტაძრების საკუთრების საკითხზე პრეტენზიებს აცხადებენ. საპატრიარქო არ არის დიალოგის წინააღმდეგი. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული სამართლიანობა დადგინდეს, მაგრამ მხოლოდ არქიტექტურული იერსახით ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შევქმნათ ორმხრივი კომისია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც იმ რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთრებასთან დაკავშირებით დავობენ, ისე მართლმადიდებელი ღვთისმსახურები. მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, არქიტექტორები, ისტორიკოსები და არქეოლოგები. ამ გზით უფრო შესაძლებელი იქნება საერთო შეთანხმებაზე შეჯერება.

- როგორია საპატრიარქოს პოზიცია ნორაშენის ეკლესიის თაობაზე,რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს. ფაქტობრივად, რეაბილიტაციის შემდეგ, ტაძრის საკუთრების საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩება. 

- ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ეს არის სომხური ეკლესია, არ შეიძლება. ძალიან კარგია, რომ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და დაიდება შედეგი. ჩვენი ისტორიული უკუღმართობის შედეგია ის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში  სომხები თბილისში ყიდულობდნენ ტაძრებს. როგორ შეიძლება, საქართველოში 600-ზე მეტი სომხური ეკლესიაიყოს?! სწორედ ამ ციფრს ასახელებენ ხოლმე და ამის გამო ძალიან რთულდება ხოლმე სომხებთან დიალოგი. მათი მოთხოვნები ძალიან არარეალურია. მათი მხრიდან ასეთი ამბიციების გამოხატვა საქართველოში ტაძრების კუთვნილებასთან დაკავშირებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არ გამოვიდეთ დიალოგის რეჟიმიდან და ვიყოთ კონსტრუქციული. შეიძლება ეს პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ამის აუცილებლობას ნამდვილად ვხედავ. მე არ ვიცი, შედეგი როდის დადგება, მაგრამ ეს დიალოგი და ურთიერთობები ჩვენ გვაძლევს მშვიდი ცხოვრების საშუალებას. ისეთი სენსიტიურია ეს თემები, ისე რთულად ხდება საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება, რომ სწრაფად და მოკლე დროში ამ საკითხების მოგვარება შეუძლებელია. 

- ბოლო დროს მართლმადიდებლებისა და მუსლიმების დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული ისტორიული შენობა იქცა.რამდენიმე თვეა,ამ საკითხს სწავლობს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც თქვენ ხართ. გვითხარით, რა ეტაპზეა კომისიის მუშაობა?

- ამ შენობასთან დაკავშირებით კვლავ დიდი დაძაბულობაა. ერთ წელზე მეტია, კომისიაა შექმნილი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ ჩამოვყალიბდით. რა თქმა უნდა, ნაგებობას რომ შეხედავ, მეჩეთის არქიტექტურაა, მაგრამ იქ არიან დღესაც ცოცხალი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ქვები არის ეკლესიის. ისინი იხსენებენ, რომ აქ სალოცავად დადიოდნენ. ქვებზე არის ისეთი არქიტექტურული ნიშნები, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ აქ ან ეკლესიაიყო, ანეს ქვები ეკლესიის მშენებლობისათვის გამოიყენეს. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ ამ შენობამ მეჩეთად იფუნქციონიროს, მითუმეტეს, რომ მუსლიმებს აქვთ სოფელ მოხეში სალოცავი და მათ ამ სალოცავის გაფართოებაც შეუძლიათ.

ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების გართულება. ამის გამო მოხეშიცალკე ტაძარი ავაშენეთ და არ გამოვიყენეთ სადავო შენობა ტაძრისთვის. იმის გამო, რომ არ მოხდეს მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირება და ურთიერთობა არ დაიძაბოს, გამოვდივართ ინიციატივით, რომ სადავო შენობას ნებისმიერი სტატუსი მივანიჭოთ, ოღონდ კუთვნილებას ნუ დავარქმევთ. პრობლემა ის არის, რომ თუკი მასმუსლიმების კუთვნილებად გამოვაცხადებთ, აუცილებლად გაღიზიანდებიან ქრისტიანები და პირიქით - მუსლიმებს გავაღიზიანებთ, თუ შენობას მართლმადიდებლებს გადავცემთ საკუთრებაში.
 
- აქამდე რატომ ვერაფერი გადაწყვიტა შექმნილმა კომისიამ? 

- მუსლიმები არქეოლოგიურ გათხრებზე არ დაგვთანხმდნენ, რადგან, ამ გზით შესაძლებელი იყო, აღმოჩენილიყო, რომ შენობა მართლმადიდებლურ ნაშთებზეა აშენებული. ვფიქრობ, ამ ძეგლს ნეიტრალური სტატუსი უნდა მივანიჭოთ, გადავცეთ კულტურული მემკვიდრეობისდაცვის სააგენტოს და მოვუხსნათ მას რელიგიური დატვირთვა. ამ ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ, მუსლიმებთან ერთად, ნებისმიერ წინადადებას განვიხილავთ.

- თუ მუსლიმები სოფელ მოხეში სხვა ადგილას ააშენებენ მეჩეთს, როგორც თქვენ ააშენეთ ცალკე ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია როგორი იქნება?

- რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვართ. არანაირი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით. თუ არის ობიექტური აუცილებელი პირობა იმისა, რომ ვიღაცას რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილება სჭირდება, პრობლემას ვერ ვხედავ, ააშენონ მეჩეთი. თუმცა, ვფიქრობთ ამის პრობლემა მოხეში არ არის. და თუ მაინც არსებობს ამის აუცილებლობა, შეიძლება განვიხილოთ ახალი მეჩეთის აშენების იდეა, მაგრამ არა იქ, სადაც სადავო შენობაა.

- როგორც თავადაც აღნიშნეთ, მოხეში სიტუაცია დაძაბულია. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ზოგიერთი მართლმადიდებელი მოძღვარი სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ უწყობენ. ისინი ხშირად დარწმუნებით ამბობენ, რომ ესა თუ ის მეჩეთი ეკლესიის ქვებითაა აგებული, მაშინ, როცა ამ საკითხზე არანაირი მეცნიერული კვლევები არ არსებობს და ეს ფაქტობრივად მხოლოდ მათი მოსაზრებებია. ამასთან, მართლმადიდებელი მრევლისგან მოვისმინეთ, რომ „მუსლიმი ქართველი არ არის“ და ასეთი ფრაზებიც მათ მოძღვრებისგან ესმით. მოძღვარს საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი აქვს. თქვენი აზრით, საპატრიარქომ რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ დაძაბული ვითარების განმუხტვისათვის? 

- ერთი სასულიერო პირი თუ მუსლიმთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ეს არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და მისი უწმინდესობა ასე ფიქრობს. პირიქით - ახლახან გვქონდა შეხვედრა მუსლიმთა თემის წარმომადგენლებთან და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვსმათთან. თუმცა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი მოგვწონს, რაც კეთდება. ვფიქრობ, საერთო მშვიდობისთვის შეთანხმებებს უნდა მივაღწიოთ. თუმცა, ხშირად სულ უმცირესობების უფლებებს იცავენ და უმრავლესობის უფლებები ავიწყდებათ. როგორ ხდება, რომ საქართველოში არის 300-ზე მეტი მუსლიმური სალოცავი, თავისი მედრესეებითა და მინარეთებით და რატომ არ არის არცერთი ქართული სალოცავი თურქეთის ტერიტორიაზე?აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც მსგავსი მდგომარეობა გვაქვს, სადაც დღესდღეობით მხოლოდ ერთი მოქმედი ეკლესიაა. ხომ ყველამ იცის, რომ იქ ქართული ძეგლებია?! მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არასდროს ვცდილობთ პრობლემურ საკითხებს გავექცეთ. მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვართ ყველა იმ რელიგიურ კონფესიასთან, რომლებსაც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გარკვეული სახის პრეტენზიები გააჩნიათ.

მასალა მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.
 
02.02.2016
<< უკან დაბრუნება
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved