რელიგიები

საქართველოში

Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების  დაცვას.




გამოკითხვა

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
დიახ არა არ ვიცი

მედიატური - რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

 
ნათია გოგოლაშვილი

9 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოაწყო მედიატური ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების სოფლებში. პრესის, რადიოს, ტელევიზიებისა და ინტერნეტ-გამოცემების ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. მედიატურში მონაწილეობა რეგიონული მედიის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მედიატური გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება“ - ფარგლებში, რომელიც კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რელიგიურ უმცირესობათა ისტორიული სალოცავების მდგომარეობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში 2015 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა განახორციელეს გასვლითი ვიზიტები რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში, სადაც შეისწავლეს სინაგოგების, მეჩეთების, კათოლიკური ეკლესიებისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიების მდგომარეობა.

მედიატური ითვალისწინებდა ქალაქ ახალციხეში გურამიშვილის ქუჩაზე არსებული ორი სინაგოგის, ასევე სოფელ საყუნეთში მდებარე მეჩეთის, სოფელ ადიგენისა და სოფელ ფლატეს მეჩეთების მონახულებას.

ახალციხის ზედა სინაგოგა აშენებულია 1863 წელს, მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოში დღემდე შემორჩენილ სინაგოგებს შორის ყველაზე ძველია. 2012 წელს, რაბათის რეკოსტრუქციისას, რესტავრაცია ჩაუტარდა.

ახალციხის ქვედა სინაგოგა 1902 წელსაა აშენებული. საბჭოთა კავშირის დროს აქ სხვადასხვა დაწესებულებები იყო განთავსებული: ბიბლიოთეკა, კინოკლუბი, საბილიარდე, ბოლოს კი კრივის დარბაზად გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა კონსტრუქციულად კარგ მდგომარეობაშია, ამჟამად სრულიად მიუხედავი და მიტოვებულია. ახალციხის რაბათის რეაბილიტაციის დროს დაგეგმილი იყო არა მხოლოდ ამ კონკრეტული შენობის, არამედ მთლიანად ქვედა რაბათის უბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მაგრამ 2012 წლის შემდგომ სამუშაოები შეჩერდა.

ჟურნალისტებმა შეაფასეს რელიგიურ უმცირესობათა საკულტო ნაგებობების მდგომარეობა და ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ადგილზე გამოიკვეთა ის ფობიები და რადიკალური განწყობები, რომლებიც მართლმადიდებელ მოსახლეობას ქართველი მუსლიმების მიმართ აქვთ. ადგილობრივი მართლმადიდებლები, საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ ისინი დანგრეული შენობების მეჩეთად აღდგენის წინააღმდეგები არიან. ურჩევნიათ, რომ ეს შენობები დაინგრეს, ვიდრე მეჩეთად აღდგეს. ადგილობრივი მუსლიმების თქმით კი, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ისტორიული მეჩეთები დანგრევას გადაურჩეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადიგენისა და ფლატის მეჩეთებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. მიმართვა განიხილა საბჭომ და დადებითი რეკომენდაცია გასცა. იმის გათვალისწინებით, რომ სოფელ ადიგენისა და სოფელ ფლატის მეჩეთები სავალალო მდგომარეობაშია და ინგრევა, ადამიანის უფლებათა ცენტრი იმედოვნებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ამ საკულტო ნაგებობებს სრული განადგურებისგან დაიცავს. 

ფლატის მეჩეთი 1927 წელს არის აშენებული მაჰმადიანი მესხების მიერ. დღესდღეობით მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ მისი რესტავრაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია. მუსლიმი თემის ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ზარზმის მონასტრის წინამძღვრის, მამა ნიკოლოზის (გეწაძე) თაოსნობით ფლატის მეჩეთის პერანგის ქვები ზარზმის მონასტრის ტერიტორიაზე გადაიტანეს და მშენებლობაში გამოიყენეს. 2014 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება სოფელ ფლატეში არსებული ისტორიული მეჩეთის, სავარაუდოდ, განზრახ დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ - უშედეგოდ. ფლატის მეჩეთის დაზიანების ფაქტი სახელმწიფოსგან დღემდე რეაგირების გარეშე რჩება.

სოფელ ადიგენის ცენტრში ყურადღებას იქცევს ისტორიული მეჩეთის ნაშთი, რომელიც 1885-1886 წლებში აუშენებიათ. დღეს მეჩეთი დანგრევის პირასაა. არც სახურავი აქვს შემორჩენილი და კედლებიც შეიძლება დაინგრეს. კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტის შეფასებით, ძეგლის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი რესტავრაცია და კონსერვაცია შესაძლებელია.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში,ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადიგენისა და ფლატის მეჩეთებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. მიმართვა განიხილა საბჭომ და დადებითი რეკომენდაცია გასცა. 8 თებერვალს კულტურის მინისტრის ბრძანებით, ადიგენისა და ფლატის მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სოფელ საყუნეთში მეჩეთსა და მართლმადიდებლურ ტაძარს ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებთ. ორივეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. ტაძარი მოქმედია, მეჩეთი კი - მიტოვებული. საყუნეთის მეჩეთს ძეგლის სტატუსი 2012 წელს მიენიჭა. წარწერის მიხედვით, იგი1927 წელსაა აგებული.

საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პატრონობა სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ ყველა ძეგლის რესტავრაცია და რეაბილიტაცია ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. ამავე დროს, მათ მოვლა-პატრონობასაც არ ყოფნის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები. საჭიროა, საზოგადოებაც მონაწილეობდეს ძეგლების დაცვის საქმეში. ამავე დროს, სასურველია, უძრავი ძეგლების დიდ ნაწილს ჰყავდეს მესაკუთრე.

მედიატურის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ისტორიული მეჩეთებისა და სინაგოგების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ჟურნალისტებმა ძეგლები მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. საყუნეთში, ფლატესა და ადიგენში მცხოვრებმა მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა ტელეკამერებთან ღიად გამოხატეს თავიანთი უარყოფითი აზრი მეჩეთებისათვის ფუნქციური დანიშნულების დაბრუნების საკითხზე. ჟურნალისტები, ასევე, ესაუბრნენ ებრაელთა თემის წარმომადგენელს ახალციხეში სიმონ რევიშვილს, რომელმაც ისაუბრა ახალციხიდან ისრაელში ქართველი ებრაელის გადასახლებაზე, რამაც გამოიწვია ახალციხის სინაგოგების უმოქმედობა. 

მედიატურში მონაწილეობდა კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის კოორდინატორი, ამარ კარერი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ კანადის მთავრობა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასთან. შესაბამისად, კანადის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, რელიგიური უმცირესობების პრობლემების წარმოჩენა და მეორე მხრივ, მათი აღმოხვრის მიზნით, ადვოკატირება.

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე. 
 
14.02.2016
<< უკან დაბრუნება
Copyright © 2010 - 2017 HRIDC All Rights Reserved